ამერიკული მხარე მიესალმება ქვეყნის პროგრესს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით

საქართველო, თბილისი - 16:43 | 11.04.2016
ნანახია: 1201

2016 წლის 11 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის _ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან: ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილესთან, კურტ ტონგთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწესთან, ტომას მელიასთან. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  საკითხებში, ვონ ტურეკიანი, ხოლო ქართული მხრიდან  _ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების კუთხით. აღნიშნეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო USAID-ის მიერ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროექტების წარმოჩენის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის განვითრების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

ამერიკული მხარე მიესალმა ქვეყნის პროგრესს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით და გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლისა და ფუნქციის გაძლიერების მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წარმატებული იქნება. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია, განიხილონ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები, მეწარმეობის ხელშეწყობის, ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წახალისებასთან დაკავშირებული თემები. მხარეები მიმოიხილავენ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის,  ორმხრივ და რეგიონულ საინვესტიციო პროექტებს. ყურადღებას გაამახვილებენ ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივას და ამ თვალსაზრისით საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლს.

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას _  ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე