მთავრობა ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 09.04.2016
ნანახია: 1176

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარგის  შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

აღნიშნული მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აზიის განვითარების ბანკთან, რომელმაც ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საქართველოს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში 750 000$ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო.

დოკუმენტზე  აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაქირავებული  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ერთობლივად მუშაობდნენ.

მუშაობის პროცესში ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ექსპერტებმა უკვე მოამზადეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მიღებული შენიშვნები და ბოლო ცვლილებები.

ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სექტორის მუშაობის ეფექტიანობის დონის ამაღლებას, ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ტრანსპორტის სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე