მინსკის შემდეგ „აჭარის დღეები“ ვარშავასა და ასტანაში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:14 | 08.04.2016
ნანახია: 1252

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინკში „აჭარის დღე“-ს უმასპინძლა. არაოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც ბელარუსული მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილური კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს.  ორი საათის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქათველოში ემოგზაურათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები- საცივი, ჩაშუშული, ხაჭაპური და ქართული ფოლკლორით ესიამოვნათ. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება საღამოზე აჭარული ხაჭაპურისა და ცეკვა მთიულურის მასტერკლასებმა დაიმსახურეს. ქართული ფოლკლორი მინსკში ხელვაჩაურის ფოლკლორულმა გუნდმა „ათძალი“ წარადგინა.

“აჭარის დღეების მიზანია, რომ ის დადებითი ემოციები, რაც ჩვენს ფოლკლორსა და სამზარეულოს მოაქვს ჩვენმა სტუმრებმა საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც იგრძნონ, შეიყვარონ ჩვენი ქვეყანა და დაგეგმონ თავიანთი არდადეგები აჭარაში. თუკი გავითვალისწინებთ ჩვენი ღონისძიების სტუმრების რეაქციასა და ემოციებს მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. უფრო მეტიც, ისინი ჩვენი საღამოთი ვამოგზაურეთ აჭარაში, რაც საბოლოოდ ბელარუსული მედიისა და ტურისტული კომპანიების მიერ აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტებისა და ტურების ხარისხზე აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

მინსკის გარდა „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვარშავასა და ასტანაში გამართავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.

აჭარის დღეები სამიზნე ქვეყნებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე