საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 07.04.2016
ნანახია: 1413

210 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი SUBUTEX აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა 6 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ავტობუსში. ავტობუსს საქართველოს მოქალაქე კ.ო. მართავდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს განყოფილებას.

იმავე დღეს „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა თურქეთის  მოქალაქე ლ.კ., რომლის პირადი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - ZALDIAR (40 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებას.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი მოხდა 5 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ტ.-ის კუთვნილი ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMAL RETARG 100 MG (20 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე