ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და „ელკანა“ საქართველოს ფერმერთა კონგრესისთვის მზადებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 12:12 | 06.04.2016
ნანახია: 1230

5 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით ოქსფამისა და „ელკანას“ ექსპერტები საქართველოს ათი რეგიონის მასშტაბით მოაწყობენ ფერმერთა რეგიონულ შეხვედრებს, რომლის დროსაც შეირჩევა კონგრესის მონაწილე დელეგატები.  რეგიონული შეხვედრების დროს ფერმერები მოამზადებენ იმ თემებსა და საკითხებს, რომლის განხილვაც მოხდება კონგრესის დროს.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი გაიმართება თბილისში 2016 წლის 2 ივნისს. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდებიან საქართველოს ფერმერებს და გამართავენ დიალოგს.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურების დაახლოებასა და დიალოგს. კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის წარმოდგენილი იქნება თუ რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის რეფორმები მცირე მეურნეებზე, რა გამოწვევები და პერსეპექტივებია მცირე მეურნეების ბაზრებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების  საჭიროებები არსებობს მცირე ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისთვის.

ფერმერთა რეგიონული შეხვედრები, რომელიც დასრულდება ფერმერთა კონგრესით 2 ივნისს, იმართება პროექტის -  „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ -  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში.  სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავის თავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ოქსფამი და ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებენ 4-წლიან პროექტს  -  „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საღ და მრავალფეროვან საკვებზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე