ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება

საქართველო, თბილისი - 18:23 | 05.04.2016
ნანახია: 1305

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობით სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გაეცნო. არჩილ ხაბაძემ ჩოლოქის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა. ამ ადგილებში წყლით მომარაგების სისტემა არასოდეს არსებულა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა ასევე ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში მიმდინარე სპორტული მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც დაგეგმილია საფეხბურთო, ასევე კალათბურთისა და ფრენბურთის სტადიონების მოწყობა, რომლის განხორციელებისთვისაც 462 190 ლარია გათვალისწინებული.
დასასრულს, არჩილ ხაბაძე ქობულეთის ავტო და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო რკინა-ბეტონის ახალი სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები ბორდიურებითა და დეკორატიული მოაჯირებით. გზის სავალ ნაწილზე კი დაიგო ბეტონის საფარი, ხოლო ბორდიურებზე და ტროტუარებზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე ზოლი და განათება.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ჯი-ლაინი“ აწარმოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 528 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე