ნოდარ ხადური GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 05.04.2016
ნანახია: 1223

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ბიუროს ახალ ხელმძღვანელს, მერი შეფერს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოხატა გერმანიის მთავრობისა და გერმანელი ხალხის მიმართ. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჰანს-დიტრიხ გენშერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახორციელებს ტექნიკური დახმარების სახით.

კერძოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერას უწევს საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სახელმწიფო შიდა კონტროლი, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა და ბიუჯეტირების საკითხები.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე