საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის წევრი გახდა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 05.04.2016
ნანახია: 1410

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის წევრი გახდა.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ამასთანავე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მსგავსი მემორანდუმების გაფორმება ზრდის თანამშრომლობის პოტენციალს და საშუალებას აძლევს ბიზნესმენებს, კომპანიებს და მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტები, განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში.
ღონისძიებაზე გაიმართა ახალი პროექტების „ელექტრონული აბრეშუმის გზა“ და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია.
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი თანმხლები დელეგაციით, თბილისს 3 აპრილს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა შეიქმნა 2015 წელს ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ მასში გაერთიანებულია 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები და მათი დაინტერესების საგანია საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ პროექტებში.
აბრეშუმის გზის აღდგენით საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს და ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გ. კვირიკაშვილთან, პრეზიდენტთან გ. მარგველაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დ. ქუმსიშვილთან, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარესთან დ. საგანელიძესთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე