ფაქტიური საცხოვრებლები დაუკანონდება იმ ოჯახებს, რომლებიც მრავალი წელია ამავე მისამართზე ცხოვრობენ

საქართველო, თბილისი - 13:23 | 21.09.2015
ნანახია: 2190

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ეკონომიკის სამინისტროს ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მოქალაქეებისათვის სახელმწიფო ბალანსზე რიცხული   და  მათ ფაქტიურ  მფლობელობაში   არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადასაცემად  ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს და პრობლემის მოსაგვარებლად  ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა დღეს გამრთულ ბრიფინგზე აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის საკითხთა გადაწყვეტა  სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს,  შესაბამისი   სააგენტოს მხრიდან, უკვე ერთ წელზე მეტია, არცერთი  კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული იმ განცხადებებზე, რომლებიც საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის  მიერ იქნა გაგზავნილი. 

,,ვინაიდან პროცესები ძალიან ჭიანურდება, ჩემი წინადადებაა  დავიწყოთ საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალური მიდგომით.  კერძოდ, ფაქტიური საცხოვრებლები დაუკანონდეს იმ ოჯახებს, რომლებიც მრავალი წელია  ცხოვრობენ,  რეგისტრირებული არიან ამავე მისამართზე და იხდიან კომუნალურ გადასახადებს“, -  განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. 

ბრიფინგს გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ადრე თავდაცვის, ხოლო ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართში არიან რეგისტრირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე