ნოდარ ხადური საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 28.03.2016
ნანახია: 1239

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰანს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ფინანსთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც, გაიმართება მაღალი დონის მოლაპარაკებები, მათ შორის, შეხვედრა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ფინანსთა და სტრატეგიის მინისტრთან.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში კორეული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, საქართველო კორეული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და უახლოეს პერიოდში იგეგმება კორეული კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობენ სამხერთ კორეული საფინანსო ინსტიტუტები: ექსიმბანკი და კორეის განვითარების სააგენტო.

მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დაგეგმილი საგადასახადო რეფორმების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, პოტენციურ ინვესტორებს დეტალურად გააცნოს ქვეყნის საგადასახადო სისტემა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ გაფორმებული შეთანხმება შეუწყობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე