ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, დაუსრულებელი პრივატიზაციის კონკრეტული შემთხვევები მყიდველის სასარგებლოდ გადაწყდება

საქართველო, თბილისი - 15:19 | 25.03.2016
ნანახია: 1261

25 მარტის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით  დამტკიცდა სპეციალური წესი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს გადაუჭრის დაუსრულებელი პრივატიზებების  წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, პირებს, რომლებმაც  2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე, სახელმწიფოსგან შეიძინეს რაიმე სახის ქონება, შემდეგ მთლიანად, ან ოთხმოცპროცენტიანი შესრულებით (უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში), ან ორმოცდაათპროცენტიანი  შესრულებით (სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შემთხვევაში) გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ დაარღვიეს ამ თანხის გადახდის სავალდებულო ვადები, მთავრობის კეთილი ნებით, შეეძლებათ მიიღონ საკუთრების მოწმობა და დაირეგისტრირონ შეძენილი ქონება. „დღეს ჩვენ ასეთი 150-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს აღწერილი,  თუმცა ანალიზის შედეგაგ, სავარაუდოდ, 350-ზე გავალთ და ამ ადამიანებს მოვუწესრიგებთ რეალურად მათი საკუთრების უფლებას და შესაძლებლობას მივცემთ, რომ  ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისთვის მათ განაცხადით უნდა მომართონ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის  2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში სამინისტროს ინიცირებით განხორციელდა. „ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე სახელმწიფოს მიერ გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტი, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა. შესაბამისად,  ამ დადგენილებით ვიძლევით შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა ან კომპანიებმა მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად იმისთვის, რომ მოხდეს მათთვის მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ამ დროისთვის  ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული ასეთი 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა, ჩვენი  გათვლებით,  ალბათ 250 შემთხვევაზე გავრცელდება ეს დადგენილება. მიწის მიკუთვნება მოხდება ზუსტად ისე, როგორც მიკუთვნების და აღიარების შესახებ კანონშია განსაზღვრული, ანუ დაინტერესებულ პირებს მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების წლიური გადასახადის ხუთმაგი ოდენობის ტოლია“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე