გიორგი მარგველაშვილმა ნოვრუზ ბაირამი ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 21.03.2016
ნანახია: 1745

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვემო ქართლს ეწვია და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტმა დაათვალიერა რაიონების მიხედვით მოწყობილი საგამოფენო კუთხეები და ტრადიციული ტკბილეული და ჩაი დააგემოვნა.
პრეზიდენტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრეზიდენტმა პრემიერთან ერთად ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონი აანთო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
"თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტი მარნეულში ინთიგამ ისმაილოვის ოჯახს ესტუმრა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.
მარნეულში საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე