აჭარაში 33 %-ით მეტი კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 21.03.2016
ნანახია: 1245

აჭარაში ინვესტიციების მოცულობას ისევ მზარდი ტენდენცია აქვს. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 33 %-ითაა გაზრდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  2015 წელს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 366 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 87 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო 279 მლნ აშშ დოლარი უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა (FDI) შეადგინა. 2014 წელს აჭარაში სულ 276 მლნ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიციის შემოდინება დაფიქსირდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ , 2015 წელს აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია  ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, რომელზეც რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების  41%-ი მოდის. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ენერგეტიკის შემდეგ ინვესტორებისთვის მიმზიდველი ტურიზმია (33%),  მშენებლობის სექტორზე 23%-ი, სოფლის მეურნეობაზე - 1%-ი, მრეწველობაზე - 1%-ი, ხოლო ეკონომიკის სხვა სექტორებზე მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების - 1%-ი მოდის.

 რაც შეეხება კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორულ განაწილებას, აღნიშნული თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი უცხოური საინვესტიციო ნაკადები მოდის ენერგეტიკაზე (53%) ტურიზმსა (39%) და მშენებლობაზე (7%).

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საინვეტიციო საქმიანობის შეფასების მნიშნელოვან ცვლადებად განიხილება ასევე განხორციელებული ინვეტიციების მოცულობა რეგიონში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით და მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. ინვესტიციების მოცულობა ნომინალურ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით ბოლო წლებში შეადგენს დაახლოებით 15-25%-ს, ხოლო რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე კერძო პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ 2015 წელს შეადგინა 1 087 აშშ დოლარი.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავენ, რეგიონისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი საინვესტიციო სექტორები  ენერგეტიკა, მრეწველობა და ტურიზმია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე