გიორგი მარგველაშვილი სენატორებს ჯეფ სეშენს და ორინ ჰაჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:49 | 01.10.2015
ნანახია: 1761

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები სენატორებთან ჯეფ სეშენსთან და ორინ ჰაჩთან გამართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრება იყო. ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას.

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. ამ მხრივ, მათ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაუთმეს დ ა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია შეაფასეს.

აშშ-ს სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან სენატორ ორინ ჰაჩთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა,  საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გააქტიურებისათვის დიალოგის ფორმატის შემოღებაზე, რომელიც საუკეთესო საშუალება იქნება ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორინ ჰაჩთან, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე. უფრო ზუსტად, მაღალი დონის დიალოგის აუცილებლობაზე, პროცესის გააქტიურებაზე.

სენატორ ჰაჩთან შეხვედრის გარდა  სხვა სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრებზეც  იქნა დაფიქსირებული ჩვენი მზადყოფნა ამ მიმართულებით.

"რეალურად რეგიონში არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ყველაზე მეტად დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. 

ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები, საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ  გააქტიურებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა სენატორ ორინ ჰაჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე