ირმა ინაშვილი: შალვა რამიშვილს მინდა ვუთხრა, საკაცით გამოგიტანენ სტუდიიდან

საქართველო, თბილისი - 17:34 | 20.03.2016
ნანახია: 3750

მთელი დღეა ვეცნობი სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს "იმედის" გუშინწინდელი გადაცემის შესახებ, ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გადაცემა "პოლიტიკა"-თან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

1. ჯერ კიდევ გადაცემის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში იგეგმებოდა პროვოკაცია. მაია ორჯონიკიძის სრულიად ავადმყოფურ, პათოლოგიურ, ხანგრძლივ და მონოტონურ შეურაცხყოფასა და ცილისწამებას ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა ჩემი აღშფოთება-გაღიზიანება და პირდაპირ ეთერში მას ფიზიკურად უნდა შევხებოდი. მოკლედ, უნდა გამეგლიჯა შუაზე.

ცხადია, ამ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში ჩემი მეგობარი მანჩო გიორგობიანი განზე არ გადგებოდა და სამი მანდილოსნის ცემა- ტყეპაზე დღეს მთელი ქვეყანა ილაპარაკებდა! იღადავებდა და იქილიკებდა. არც ფარული კადრები გაახსენდებოდა ვინმეს და აღარც "ეს შენ გეხება".

მაგრამ ეს პროვოკაცია არ იყო გათვლილი მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე. გათვლილი იყო საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებზე... და, რაც მთავარია, დასავლეთზე, ჩვენს უცხოელ პარტნიორებზე, რომელთათვისაც უნდა ეჩვენებინათ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის სახე- "შავრაზმელი, ბნელი ირმა ინაშვილი"... "აი, რა ძალა მოდის პარლამენტში 2016 წელს"...

იმის მიუხედავად, რომ ადამიანურად ძალიან ძნელია ამ მოცულობის შეურაცხყოფის ატანა, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ავიტანე, მოვითმინე და მხოლოდ მოვიგე!

ეს პროვოკაცია არ იყო გათვლილი ჩემი ხასიათის აქამდე უცნობ დეტალებზე. ჰოდა, თუ ვინმემ წააგო, წააგო პროვოკაციის იდეის ავტორმა.

2. როცა გადაცემაში პროდიუსერი ერთად იწვევს ირმა ინაშვილს და მაია ორჯონიკიძეს, ეს ნიშნავს, რომ ის თავიდანვე არაა დაინტერესებული ჩემი, როგორც რესპონდენტის, მოსაზრებით - კონკრეტულ თემაზე! მას ჩემი დისკრედიტაცია სურს და იყენებს მაია ორჯონიკიძეს! ეს უკანასკნელი სრულიად არაჯანსაღი, არაადეკვატური, არასასარგებლო რესპონდენტია, თუ მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერ რედაქტორს სხვა ობიექტის დისკრედიტაციისათვის არ სჭირდება.

შალვა რამიშვილს მინდა ვუთხრა, რომ მისი შეკითხვა: "ამ დარბაზში ზის ვინმე პრორუსი?",- იყო ისედაც პროვოკაციული ფონის ბოლომდე პროვოცირება. გაითვალისწინე, შალვა, რომ სხვა დროს ცეცხლთან ასეთ თამაშს, შესაძლოა, ისეთი მსხვერპლი მოჰყვეს, საკაცით გამოგიტანონ სტუდიიდან... ისიც გაითვალისწინე, რომ ჟურნალისტი ვარ და რა ხაფანგს მიგებენ, თუ არ ვიცი, ინტუიციით მაინც ვხვდები. ვიცოდი კიდეც. მივხვდი კიდეც. ხაფანგი ცარიელი დარჩა.

შემდეგ... როცა მთელი 20 წუთის მანძილზე ერთ სტუმარს საშუალებას აძლევ მეორე უკიდეგანოდ შეურაცხყოს, რამაც თეონა გეგელია გულწრფელად შეაწუხა, ამას ტელეეთერის ბოროტად გამოყენება ჰქვია. თუ ჩემი მოთმინების ზღვარს ამოწმებდით, გაირკვა, რომ მომთმენი ვარ.

და ბოლოს, "იმედის" ეთერში იშვიათად... შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ვჩანვარ. ეს არც არაფერს მაკლებს და არც არაფერს მმატებს. სულ დაიხვიეთ თქვენი მიწვევა არხის მფლობელებმა და მმართველებმა და გაირჭეთ სათანადო ადგილზე. უმადურებით ცნობილი პოლიტიკური პარტნიორებიც მომიკითხეთ.

P.S. ყველას აინტერესებს, რა მოხდა ეთერის დასრულების შემდეგ. ორჯონიკიძე გაიქცა... გული დაწყდა, რომ ტელეფონით ვერ გადაიღო ჩემი მხრიდან "ზეწოლის" ამსახველი სრული ვიდეო. yutube-ზე უნდოდა აეტვირთა. ეტყობა, ცუდი ტელეფონი აქვს..", - წერს ირმა ინაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე