ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი გრძელდება

საქართველო, თბილისი - 17:19 | 14.03.2016
ნანახია: 1438

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ექსპორტის მენეჯერებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ სათანადო გამოცდილება, კავშირი დაამყარონ სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან და გაცვალონ ინფორმაცია.

კურსის პირველი ეტაპი 2016 წლის 14 მარტიდან დაიწყება და 13 აპრილამდე გასტანს.   მსმენელთა რაოდენობა 36-ს შეადგენს და კურსი ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის.

მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას, საბაზრო კვლევებს, ეტიკეტირებასა და თანამედროვე ტენდენციებს მარკეტინგის კუთხით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება.  ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო ერთთვიან სასწავლო კურსს ახორციელებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე