დარწმუნებული ვართ, რომ სულ რაღაც 11 დღეში საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ - ლევან სანიკიძე

საქართველო, თბილისი - 12:08 | 15.10.2024
ნანახია: 276

დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ,  - ამის შესახებ  “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

სანიკიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა დაშორდა დასავლურ სამყაროს, ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო 26 ოქტომბერს ჩააბარებს დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს.

„ნამდვილად ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბუნებრივია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ სერიოზული გულისწყვეტა, მათ შორის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა დაშორდა დასავლურ სამყაროს და აირჩია საერთაშორისო იზოლაციის გზა, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო ჩააბარებს დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს. საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში არჩევნები, სადაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, სულ რაღაც 11 დღეში საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: "საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის. სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპული დაფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე