პარტიული დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, თუ ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ მათი შეკრებაში მონაწილეობა - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 14:51 | 23.04.2024
ნანახია: 705

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილს დაანონსებულმა შეკრებამ რადიკალურ ოპოზიციაში სრული ისტერია გამოიწვია.

„29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, „ნაცმოძრაობაში“, რადიკალურ ოპოზიციაში. ხდება პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. ახლა დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ – არა. საჯარო მოხელე ხელისუფლების საწინააღმდეგო ერთ პოსტს რომ დადებს, ერთი ვინმე რომ გამოჩნდება „ფეისბუკში“, სოციალურ ქსელებში ან აქციაზე, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით აგებული, რომ საჯარო მოხელემ ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადა. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია, პროტესტიც განუცხადოს და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან? გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებიან სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი, ამიტომ არიან ისტერიაში. საჯარო მოხელეები, ასე რომ მოიხსენიებენ ამ ხალხს, რას ნიშნავს, რა უბედურებაა, რა შეურაცხყოფას აყენებენ, თავი დაანებონ. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ ორგანიზება მოხდეს, პირადად ჩემი დავალებაა, მათ შორის პარტიული, ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, ასე დავარქვათ, თუ გნებავთ, რომ გავამძაფრო, თუკი ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში, აქციაზე და შეკრებაში მონაწილეობის მიღება. მიზანი არის, რომ დავანახოთ, ვინ უჭერს მხარს სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას. საჯარო მოხელეებს რას უკრძალავენ ან მასწავლებლებს რას უკრძალავენ.

იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ, კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, რომელიც საჯარო მოხელე არ არის. იქნება ძალიან ბევრი, ათი ათასობით ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურში არ არის, მათ შორის საჯარო მოხელეებიც. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება, ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუა ხნის, ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა. საერთო ჯამში, ოჯახური ღირებულებების კანონს რომ ვიღებთ და იქ ჩუმ-ჩუმად რომ ღლიცინებენ რაღაცებს, არ უნდათ, ეზიზღებათ ეს კანონი. ეძახიან ჰომოფობიურს. ეზიზღებათ გამჭვირვალობა, ეძახიან რუსულს. გამჭვირვალობას რუსულს ეძახიან და არ გამოვა ასე. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას. ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი, ათი ათასობით ადამიანი იმ დღეს მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას – მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე