რუსული კანონის მიღება იგეგმება ივნისში, ევროპის ჩემპიონატის დროს, რომ ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად, ნუ დავუთმობთ საქართველოს “ქართულ ოცნებას“ - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 13:54 | 03.04.2024
ნანახია: 1097

პარტია “ახალის“ თანადამფუძნებლი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" რუსული კანონის მიღებას ივნისში, ევროპის ჩემპიონატის დროს გეგმავს იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთჯერ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია, ახალი, გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში - ევროკავშირში.

დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი მეგობრებო. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ქუჩებში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია.

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ქართული ოცნების წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი იმიტომ, რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს.

მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ, რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ გვაძლევს თავისუფლებას.

ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იგი ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი არ არსებობს" აცხადებს ნიკა გვარამია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე