ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ რუსული კანონი არ მიიღოს პარლამენტმა - ქალი დეპუტატების განცხადება

საქართველო, თბილისი - 13:41 | 03.04.2024
ნანახია: 1066

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ნაწილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება აპირებს, რომ NGO-ების "გამჭვირვალობაზე" რუსული კანონი ხელახლა დააინიციროს. ერთობლივი განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ გააკეთეს.

„რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს" - თქვა რამდენიმე წუთის წინ  ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ. 

ოცნება გვაბრუნებს, წარსულში - უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს რომელსაც სურს, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში. ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ რუსული კანონი და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციასა და ქართულ დემოკრატიაზე, იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ, კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვწყვეტთ და არა კრემლის დიქტატითა და “ქართული ოცნების” კარნახით.

ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

საქართველოში არასდროს არ დაბრუნდეს ის წარსული, რომელიც სურს „ქართულ ოცნებას” და საქართველოში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და და ქვეყნის ევროპული არჩევანი იყოს დაცული”, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

 "ლელო" საქართველოსთვის ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნება მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა"

ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს მაშინ, როდესაც თქვენ,მ ჩვენ და ყველა ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაცხადებული არჩევანი - საქართველო მიდის ევროპისკენ. აუცილებლად მივალთ იქ, თუ ქართულ ოცნებას უნდა, რომ ჩაეხსნას ამ პროცესს, ჩაეხსნას და დარჩეს წარსულში"- თქვა ნაცვლიშვილმა. 

განცხადება გააკეთა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემაც. მისი თქმით, "ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია"

მისი თქმით, ივანიშვილის პარტიის მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა დაბრუნება პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

„რუსული კანონის“ ხელახალი შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს ამ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა სურს, რომ ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში. შემთხვევითი არ არის არც ის ფაქტი, რომ „რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნებამდე, ივანიშვილის პარტიამ სწორედ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა და ამით კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა ის, რომ არ აპირებს არცერთი იმ ვალდებულების შესრულებას, რომელსაც ჩვენგან ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს, რომ ივანიშვილის პარტია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ერთმანეთთან შეუთავსებელი. ივანიშვილის პარტია კიდევ ძალიან ბევრს იზამს იმისთვის, რომ დააზიანოს ამ ქვეყნის  ევროპული კურსი და თითოეული ჩვენგანის ვალია , როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა და ჩვენ საბოლოოდ შევძლოთ ის, რომ ივანიშვილის პარტიის გარეშე გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.“- განაცხადა ანა წითლიძემ.

"ძალების საბოლოო მობილიზების" აუცილებლობაზე საუბრობს ხატია დეკანოიძეც. 

მისი თქმით, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უკან სვლის საშუალება არ მიეცეს". 

ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას - ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

მისი თქმით, ივანიშვილის პარტია "რუსული კანონის" შემობრუნებით რუსული ტიპის მმართველობას აბრუნებს.

როგორც ცნობილი გახდა, "ქართული ოცნება" რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე