ქალებს პოლიტიკაში თავიანთი ადგილი კვოტების გარეშეც აქვთ - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:49 | 02.04.2024
ნანახია: 546

გენდერული კვოტირების ვალდებულება იყო დროებითი ნორმა, ქალებს პოლიტიკაში თავიანთი ადგილი კვოტების გარეშეც აქვთ, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ბევრი კამათი იყო იმის თაობაზე, უნდა მომხდარიყო თუ არა ქალთა კვოტირების შემოტანა. საუბარი იყო ხელოვნურობაზე და იმაზე, რომ არათანასწორობის ხაზგასმა ხდება. ამ წესის შემოღებისას ითქვა, რომ იყო დროებითი ნორმა, რომლის შემოტანასაც ბიძგი მიეცა, რათა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა წახალისებული იყოს. მგონი, ვხედავთ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა წახალისებულია, ქალებს პოლიტიკაში თავიანთი ადგილი კვოტების გარეშეც აქვთ. არ არის ისეთი მოცემულობა, რომ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენთან ქალი შეზღუდული, ჩაკეტილი იყოს. არანაირი ბარიერი არ არსებობს. შესაბამისად, ეს წესი არსებულ ვითარებას არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე გუშინ დაინიცირდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე