სახალხო დამცველმა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 30.01.2024
ნანახია: 976

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია POS TV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს 20 დღის ვადაში.

"2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა "pos tv"-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას. სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან. წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია. საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით", - ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში.

2020 წლის მარტში შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც მათი თქმით, ასახული იყო შალვა რამიშვილის მიერ მასთან გასაუბრებაზე მისული ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე