ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, დაამტკიცოს თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა

საქართველო, თბილისი - 20:29 | 25.01.2024
ნანახია: 768

თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა სენატის და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს და მოუწოდა მათ, დაამტკიცონ ანკარისთვის F-16-ის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა.

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას 23 იანვარს დაუჭირა მხარი. ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს გადაეცემა.

New York Times-ის ცნობით, ამერიკელმა კანონმდებლებმა შესაძლოა მოითხოვონ დამატებითი გარანტიები თურქეთისგან, რადგან არსებობს შეშფოთება ანკარის საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

მანამდე, კონგრესის რამდენიმე წევრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მხარს არ დაუჭერდნენ თურქეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის საკითხს, ვიდრე ერდოღანი ხელს არ მოაწერს შვედეის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების პროტოკოლს.

შეერთებული შტატებისგან F-16-ების შესყიდვის თხოვნა თურქეთმა 2021 წლის ოქტომბერში წარადგინა. შეთანხმების ღირებულება 20 მილიარდი დოლარია.

უცხო ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვას ამერიკელი კანონმდებლების თანხმობა სჭირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე