ნატო ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური წვრთნებს იწყებს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 22.01.2024
ნანახია: 857

22 იანვარს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იწყებს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს Steadfast Defender 2024.

წვრთნები ახდენს კონფლიქტის სიმულაციას "პრქტიკულად თანასწორ მოწინააღმდეგესთან".

სწავლებაში 90 000-მდე ადამიანი ჩაერთვება. მათში მონაწილეობას მიიღებს ნატოს ყველა ქვეყანა და ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი შვედეთი.

მანევრები, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება, მოიცავს ევროპის ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე. სააგენტო dpa-ს ცნობით, Steadfast Defender-ის მანევრის სცენარი არის რუსეთის თავდასხმა მოკავშირეთა ტერიტორიაზე, რაც იწვევს ნატოს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას.

აქამდე ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბურ წვრთნებად ითვლებოდა Trident Juncture, რომელშიც 2018 წელს 50 ათასზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

Steadfast Defender 2024-ის წვრთნებში ჩართული იქნება 50-ზე მეტი ხომალდი, მათ შორის ავიამზიდები, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი და ვერტმფრენი, 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითთა საბრძოლო მანქანა.

როგორც ევროპაში ალიანსის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა, წვრთნები აჩვენებს, რომ ნატოს შეუძლია განახორციელოს და მხარი დაუჭიროს კომპლექსურ ოპერაციებს ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში "თვეების განმავლობაში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში".

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, რობ ბაუერის განცხადებით, წვრთნების ეს მასშტაბი ალიანსის ახალი მზადყოფნის დემონსტრირებაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე