ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 12.03.2016
ნანახია: 1227

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

კომპანიამ ,,მესხეთის მეფრინველეობა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 230 ათასი ლარის ოდენობის სესხი აიღო და სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოაწყო. ფერმაში 12 000 ფრთა ქათამი ჰყავთ და ყოველდღიურად 8 ათასი ცალი კვერცხი იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 11 ადგილობრივია დასაქმებული. ახლო მომავალში კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს.

შპს ,,მესხეთის მეფრინველეობამ“ ფერმის შექმნისთვის ჯამში 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

,,მნიშვნელოვანია ანალოგიური საწარმოები ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონებში ასეთი საწარმოების შექმნის სტიმულირებისთვის და მეფრინველეობის დარგის ხელშეწყობისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული რესურსების დახმარებით, ყველა სოფელში არის პოტენციალი წარმოება განვითარდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მეფრინველეობის ფერმა მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცემულია 1,577 სესხი ჯამური თანხით 26,982,600 ლარი და 59 სესხი - 4,310,780 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში რეგიონში 7 ახალი საწარმო გაიხსნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე