დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:38 | 11.03.2016
ნანახია: 1347

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რომლითაც საქართველოს მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას“ – ეს განცხადება აშშ–ის კომერციის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა საქართველოს ვიცე–პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას გააკეთა.

ბრიუს ენდრიუსმა, რომელიც 2015 წელს თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობდა, დადებითად შეაფასა ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუს ენდრიუსს გააცნო რეფორმების 4–პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ძირითადი მიმართულებები, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს საგადასახადო, მმართველობითი, ინფრასტრუქტული და რეგიონული განვითარებისა და განათლების სისტემის ძირეულ რეფორმირებას, რომელიც მიმართულია როგორც ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის, ასევე ბიზნესის სტიმულირების, დამწყები ბიზნესების ხელშეწყობის, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნისა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისკენ. ერთ-ერთ ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტად, რომელიც განხორციელების შემდეგ აუცილებლად გახდება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო–ლოგისტიკური ცენტრი არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპასა და აზიას შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დაასახელა. აღნიშნულმა პროექტმა ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის მიერ წლის საუკეთესო სტრატეგიული პროექტის ჯილდო მიიღო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუს ენდრიუსთან ერთად ასევე განიხილა საქართველოს ეკონომიკაში ამერიკული კაპიტალის განხორციელების ხელშეწყობის საკითხი. აღინიშნა, რომ უახლოეს თვეებში ამერიკის რამდენიმე მსხვილ ქალაქში იგეგმება სავაჭრო მისიების მოწყობა ქართული კომპანიების მონაწილეობით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას საქართველო–აშშ–ის სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილესთან, ბრიუს ენდრიუსთან ერთად სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა ერთ-ერთ პანელზე და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე