საქართველოს პრეიზდენტი ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:13 | 30.09.2015
ნანახია: 1782

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართა.

ქვეყნის პირველი პირი  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ოჰაიოს კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

ყურადღება ნატო-ს უელსის სამიტსა და არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეც გამახვილდა, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო.

საუბარი ასევე შეეხო ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც და განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნულ სამიტზე.

მხარეებმა  ნატო-ს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და, ასევე  რეგიონში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა მაიკლ ტერნერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში აშშ-ს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის  ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის  და იმ ძალისხმევისთვის,  რომელიც  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებას გულისხმობს.

დღეს ვაშინგტონში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სენატორებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე