მცირე და მიკრო ბიზნესის წამოწყების სურვილის შემთხვევაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვა 31 მარტამდე უნდა მოხდეს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 11.03.2016
ნანახია: 1507

მცირე და მიკრო ბიზნესის წამოწყების სურვილის შემთხვევაში აჭარის მოსახლეობას 31 მარტამდე საშუალება აქვს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთონ და „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ ფარგლებში საკუთარი ბიზნესგეგმები განავითარონ.

 პროექტში ჩართვისა და განხორციელების დეტალები სოფლად ტურიზმის განვითარების მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კომპანია „ჯი-ემ-სი-ჯი”-ს წარმომადგენელმა გააცნო.

 პროექტში ჩასართველად რაიონებში საოჯახო სახლებისა და სხვა ტურისტული ობიექტების გაფართოების, ან დაარსების მსურველებმა ბიზნესს იდეა 31 მარტამდე უნდა წარადგინონ ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge.

განაცხადების განხილვის შემდეგ, ბიზნესს იდეის გამარჯვების შემთხვევაში ბენეფიციარი გადადის მეორე ეტაპზე, რაც საშუალებას მისცემს გაიაროს ტრენინგი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სასწავლო მასალების დახმარებით და შეადგინოს ბიზნეს გეგმა. კონკრუსის წესით საუკეთესო ბიზნესს გეგმის ავტორები კი უკვე მოიპოვებენ თანადაფინანსებას 5 ათასიდან 15 ათას ლარამდე (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). პროექტში ჩართვისას ბენეფიციარს ასევე მოეთხოვება მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობა. პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, გარდა საჯარო მოხელეების, შპს-ებისა და სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების მქონე პირებისა.

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლად ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამიტომ ჩვენ პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ ყველა იმ საოჯახო სახლისა და ტურისტული ობიექტის მფლობელი, რომლებიც ჩვენს ტურისტულ მარშრუტებთან ახლოს ცხოვრობენ. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებმა მიიღონ გრანტი და განავითარონ თავიანთი საოჯახო სასტუმროები თუ სხვა ობიექტები, რაც რეგიონში ხელს შეუწყობს სოფლად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოუტანს ამ ადამიანებს ეკონომიკურ სარგებელს,“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება რეგიონებში 2015 წლის 15 მარტიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ის ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში გასულ წელს აჭარაში 75 ბიზნესს იდეა დაფინანსდა, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგში. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე