ლეონიდ ჩერნოვეცკი აჭარაში მეთევზეების უფლებების დაცვას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 17:01 | 09.03.2016
ნანახია: 1713

„ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი ადგილობრივი მეთევზეების უფლებებს იცავს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს მიმართავს.

როგორც ლეინიდ ჩერნოვეცკი აცხადებს, მეთევზეების მიმართ გამოყენებულია ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რის გამოც მათი საქმიანობა იზღუდება.

“მოგმართავთ, როგორც საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური მოძრაობის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი და ქალაქ ქობულეთის მაცხოვრებელი.
მე და ადგილობრივ მეთევზეებს დიდად გვაღელვებს ის ფაქტი, რომ შავი ზღვის ჩვენს აკვატორიაში მუდმივად იმყოფებიან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი სეინერები, რომლებსაც არა ერთი ათასი ტონა იმ მცირე ზომის თევზის რეწვის უფლება აქვთ მინიჭებული, რომელიც სხვა დიდი ზომის თევზების და ფრინველების საკვებს წარმოადგენს, და რაც აღარიბებს აჭარის სანაპიროს და გარდაუვლად აქცევს მას ზღვის უდაბნოდ. ამავე დროს, ადგილობრივი მეთევზეების მიმართ გამოყენებულია ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა გამოც ისინი იზღუდებიან თევზჭერაში. არათანაბარი პირობების არსებობის გამო, თავისთავად უარესდება ადგილობრივი მეთევზეების ცხოვრების დონე და სამუშაო პირობები! ისინი ულუკმაპუროდ რჩებიან!
გოგირდწყალბადის ჭარბი შემცველობის გამო, შავი ზღვა ისედაც არ გამოირჩევა თევზის მრავალფეროვანი ნაირსახეობებით და ის ფაქტი, რომ ამ დარგში ძირითადი რესურსი სწორედ თურქული სეინერების მიერ არის ექსპლუატირებული, ავლენს არარაციონალურ და უპატივცემულო დამოკიდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და ახდენს უარყოფით გავლენას ეკოსისტემაზეც. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონი ცნობილი ტურისტული ზონაა, თევზაობის პერსპექტივა და გადამფრენი ფრინველების უხვი რაოდენობა დიდ როლს თამაშობს ტურისტების მოზიდვაში.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ამ პრობლემის მოგვარებას და თქვათ უარი ამ საკითხის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
ჩემს მიერ შემოთავაზებული ეს წინადადება ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონის ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარდა ამისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ღირსეულად მუშაობის და ადგილობრივი წარმოების განვითარების საშუალებას მისცემს! მერწმუნეთ, ეს ადამიანები აუცილებლად იქნებიან თქვენი მადლიერნი!
იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ ჩემი თხოვნის შესრულების აუცილებლობაში, მე მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთან და უზრუნველვყო რეგიონის მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენა საქართველოს პარლამენტში“, - აცხადებს ჩერნოვეცკი.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე