EURO.1-ის გაცემას მხოლოდ შემოსავლების სამსახური მოახდენს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 30.09.2015
ნანახია: 1857

EURO.1-ის გაცემას შემოსავლების სამსახური მოახდენს. აღნიშნულს კი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. როგორც კანონმდებლობის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, EURO.1-ის გამცერმი ორგანოს ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული იმ ვალდებულების შესრულების აუცილებლობით არის განპირობებული, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი EURO.1-ის გაცემას მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ გულისხმობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემა უნდა უზრუნველყოს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა.

რაც შეეხება სხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატებს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ან

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ, ან

გ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, ან

დ) საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

გარდა ამისა, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას, წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

 „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის უფრო მარტივი და ეფექტური მექანიზმის შემუშავების მიზნით, დღის წესრიგში დადგა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საკითხი, რომლის მიხედვითაც, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EURO.1-ის გაცემას უზრუნველყოფს მხოლოდ სსიპ - შემოსავლების სამსახური. ასევე, სსიპ - შემოსავლების სამსახური გასცემს წარმოშობის სერტიფიკატს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის უფრო მობილიზებული სისტემის შექმნას”,- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე