ვცდილობ, ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად, მისი განცხადებები რომ გამოიხსნის მიშა სააკაშვილს, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც განხორციელება არ უწერია - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 12:35 | 25.01.2023
ნანახია: 211

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, უპასუხისმგებლოა.

„მე ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად. ჩემი აზრით, მისი პარტიის სათავეში მოქცევა და რაიმე ტიპის პროცესების ხელმძღვანელობა არის პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკიდურესად საზიანო, ვინაიდან არამცთუ უკვე ჩამოშლილი და განადგურების პირას მყოფი პარტიისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, არამედ ნებისმიერი სხვა პარტიისთვის პირველ რიგში სერიოზული ლიდერია საჭირო. ამიტომ, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც რა თქმა უნდა განხორციელება არ უწერია. ეს ალბათ უფრო გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე