ნებისმიერი ათვლის წერტილის დაანონსება და შემდეგ მოლოდინების განელება იწვევს გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩეველის იმედგაცრუებას - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 15:16 | 24.01.2023
ნანახია: 240

ნებისმიერი ათვლის წერტილის დაანონსება და შემდეგ მოლოდინების განელება იწვევს გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩეველის იმედგაცრუებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 24 თებერვლის აქციაზე დასწრებას აპირებს.

„მე გუშინ განვაცხადე, რომ 24 თებერვალს, იმ შემთხვევაში, თუ არ ვიქნები ფაქტების მისიის დამდგენი კომისიის წევრი უკრაინაში, შევუერთდები ამ აქციას, რადგან ჩემთვის უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია არ არის მხოლოდ პარტიული საკითხი, არამედ პოლიტიკური საკითხია. ეს არის ჩემთვის ძალიან პიროვნული მათ შორის, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების, უკრაინის უსაფრთხოების საკითხი. რაც შეეხება ათვლის წერტილების დაანონსებას, აქ ფრთხილი ვიქნებოდი, რადგან ნებისმიერი ათვლის წერტილის დაანონსება ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ მოლოდინების განელება იწვევს გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩევლის იმედგაცრუებას. ამიტომ, მოდით, ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატია, როგორ შევცვალოთ რეჟიმი ყველას აქტიური ჩართულობით, მაგრამ ათვლის წერტილებზე ცოტა თავშეკავებული და ფრთხილი ვიქნებოდი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ცნობილია, "დროას", "გირჩი-მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა 24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე