სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 11:06 | 23.01.2023
ნანახია: 275

სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.

ის ვრცელ პოსტში ამბობს, რომ CNN-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

"როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა.

ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება", - წერს კობახიძე.

CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ჰკითხა სანქციებისთვის გვერდის ავლაზე და თქვა, რომ ვრცელდება ცნობები, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შეტანაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე