საგარეჯოში დაჭრილი ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მძიმე პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

საქართველო, თბილისი - 12:53 | 22.01.2023
ნანახია: 171

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, ექიმ მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში დაჭრილი ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება.

ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი პაციენტის გაწერა უახლოეს დღეებში იგეგმება.

„ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, ხოლო კიდევ ერთის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, კვლავ რჩება მძიმე, პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე ფასდება მძიმედ და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტის გაწერა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, უახლოეს დღეებში იგეგმება“, – განაცხადა ექიმმა.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. 

ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე