კახეთის პოლიციის უფროსის თქმით, საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 17:56 | 21.01.2023
ნანახია: 185

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, - ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, - განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. 

ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ თვალზე ოპერაცია გაუკეთდა, კლინიკიდან დღეს გაწერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე