სტრასბურგის გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე, ასე თუ ისე, ამბობს, რომ ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს - მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:44 | 19.01.2023
ნანახია: 316

სტრასბურგის გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე, ასე თუ ისე, ამბობს, რომ ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მისი მოლოდინები გამართლდა.

„მოლოდინი გამართლდა. გადაწყვეტილებაში რაც დავინახე, ძირითადში, ჩემი ხედვით ჩანს, რომ ვინც ეს დანაშული ჩაიდინა, სუს-მა, მან თვითონვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება და მაინც ვერ შეძლო სათავისოდ დაედო ეს მასალა. რაც შეეხება გასროლის ნაწილს, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს საქმე არ იყო გამოძიებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოკლა სახელმწიფომო. ვერ გამოიძიეს, არ გამოიძიეს ეს საქმე, ამიტომაც მაგ ნაწილში ასეა.

ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ამ საქმეში არის ძალიან ბევრი დარღვევა, საქმე არ არის ეფექტურად გამოძიებული. ამავდროულად, მაშინვე მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი ისე, რომ სტრასბურგშიც ჩვენ მთლიანად არ გავმართლებულიყავით. ამიტომ არ მოგვანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რადგან ეს დარღვევები, რომლებიც იყო, ხელმეორედ არ გაგვესაჩივრებინა.

მართალი გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე, ასე თუ ისე, ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს და ხელახალი გამოძიება ჩატარდეს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში.

ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე