ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია აგებული აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია - მდინარაძე ლავროვის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 20:38 | 18.01.2023
ნანახია: 230

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ხელისუფლების საწინააღმდეგო, კამპანია აგებული აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია.

"რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:

რუსეთს - გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!

რუსეთს - ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!

რუსეთს - მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!

რუსეთს - მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.

რუსეთს - ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!

რუსებს - პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!

რუსეთსაც - გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!

რუსეთთან - არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!

რუსებისგან - იღებენ შემოსავალს, - ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!

ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!

პ. ს. რუსეთისგან - არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია! - წერს მდინარაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე