„თბილისი მოლში“ ფაბ-ლაბში დამზადებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:11 | 07.03.2016
ნანახია: 1465

8 მარტს, 10:00 საათიდან „თბილისი მოლში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი ფაბ-ლაბთან ერთად“ პროდუქტის გამოფენა- გაყიდვა მოეწყობა, რომელიც დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ავეჯი, სანათები, ტყავისა და ხის აქსესუარები, ლონგბორდები, 3D ბარათები, საბავშვო სათამაშოები, რომლის შესაქმნელადაც გამოყენებულია ნატურალური მასალები - ფაბ-ლაბის გუნდების მიერ შექმნილი ამ ნივთების შეძენას მსურველები „თბილისი მოლში“ შეძლებენ.

პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი ფაბ-ლაბთან ერთად“  30 იანვარს დაიწყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ინოვატორს შეეძლო. ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს საშუალება მიეცათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოეყალიბებინათ გუნდები, ერთობლივად შეემუშავებინათ იდეები, შეექმნათ ბიზნეს მოდელი და თავიანთი იდეის შესაბამისად ლაბორატორიაში პროტოტიპები დაემზადებინათ.

გარდა ამისა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტში მონაწილე გუნდებს საშუალება მისცა დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში და იდეა ექციათ ბიზნესად. პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის, იურიდიული და ფინანსური მიმართულებით. პროტოტიპირების პროცესში კი გუნდებს ფაბ-ლაბის გამოცდილი თანამშრომლები დაეხმარნენ.

სწორედ ამ პროცესის შედეგად გაჩნდა ის პროდუქტები, რომელთა გამოფენა გაყიდვა 8 მარტს, „თბილისი მოლში“ გაიმართება.

ფაბ-ლაბი რჩება უნიკალურ სივრცედ ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბ-ლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დასახული მიზნების მისაღწევად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე