ყველა, ვინც ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში, უნდა იყოს „მაგნიტსკის სიაში“ - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 15:06 | 09.01.2023
ნანახია: 225

ვინც ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში, უნდა იყოს „მაგნიტსკის სიაში“, ცნობილი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ეს უნდა იყოს სამართლებრივად კარგად შეკრული, რაც გულისხმობს, მათ შორის, რატომ არის ესა თუ ის პიროვნება ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაში ცნობილი ჩვენ მიერ, სისხლის სამართლის რომელი მუხლებია დარღვეული და რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის სიაში ამა თუ იმ ადამიანის შეყვანა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ე.წ. მაგნიტსკის სიაში უნდა იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ასევე, პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნები და სააკაშვილის მკურნალობაში ჩართული პირები.

„ჩემი წარმოდგენით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი. როგორც მან პირადად არაერთხელ თქვა, არის პირველი პასუხისმგებელი და ვალდებული იმაზე, რომ კადრები გასაჯაროვდა. მათ შორის, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოიჩინეს პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებმა. ეს მოხდა რუსთავიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროს. ასევე, მკურნალობის მიმართულებით ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ადეკვატურად პასუხისმგებელი. უფრო სწორად, არიან, მაგრამ არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას.

სამართლებრივ ნაწილს ვუყურებ ძალიან სერიოზულად. მათ შორის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი. ძალიან ნიშანდობლივად მივიჩნევ ბილ ბრაუდერ​ის განცხადებას. ბრაუდერი არის ადამიანი, რომელიც იყო ამ სიის არა მარტო ავტორი, არამედ მთელი კამპანიის ამწევი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე