ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს სექტორისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის გაცნობას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 07.03.2016
ნანახია: 1259

ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნეს სექტორისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის გაცნობას, რომელიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.

განიხილეს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხები.

„გრძელდება ჩვენი შეხვედრები ბიზნესთან, რომლის ფარგლებშიც მათ ვაცნობთ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით გათვალისწინებულ სიახლეებს. იმედი გვაქვს, ეს კარგი სტიმული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ დადებითად შეაფასა როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები, ისე ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობა. მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა, თანხები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე