სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა. სააკაშვილი დაცემული არ არის - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 21:11 | 28.12.2022
ნანახია: 232

სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა. სააკაშვილი დაცემული არ არის, ამაშიც არ ვეთანხმები, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ფიზიკურად თუ სუსტადაა ადმიანი, ეს დაცემას არ ნიშნავს.

„ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის უკვე დაეცა. ეგრე არ არის და კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე ვიცი ერთი რამ და, მგონი, ქალბატონმა სალომემაც იცის, ერთ მხარეს არის სიბნელე, მეორე მხარეს – სინათლე. სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები. მეორე მხარეს, სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეკითხვაზე, რომელ მხარეს დგას სალომე ზურაბიშვილი, გიული ალასანიამ აღნიშნა:

„დასავლეთიდან არის ქალბატონი, იქ არის გაზრდილი და რა ვიცი, რა გითხრათ. დავიღალე ამ მოლოდინებით, მე ველოდები შედეგს. შედეგს როცა დავინახავ, შემდეგ შემიძლია, რაღაცაზე ვილაპარაკო. ვფიქრობ, ქალბატონს საკმარისად კარგი განათლება აქვს მიღებული და მისი კარიერაც შესაფერისია საიმისოდ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დაველოდოთ შედეგს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი, რა ფორმით, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს, მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე