საზოგადოებას ეჭვები აქვს და ამას სჭირდება პრეზიდენტის უფრო მკაფიო პასუხი და არა გაკაპასებული მოქალაქის - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 20:18 | 28.12.2022
ნანახია: 234

ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის რჩევაა, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილოს შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ ორგანიზებულ შეტევაზე, რაც ხორციელდება მსოფლიოს მასშტაბით. მან ზუსტად იცის, საიდან მოდის ამის ორგანიზება და ეს აქტივობები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის განმარტებით, პრეზიდენტი ორაზროვან განცხადებებს აკეთებს და სწორედ ამას უკავშირდება აქციის ჩატარება.

„დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადათ. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია. მის მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას... რაც შეეხება მის განცხადებას რუსულ სოფელზე და იმაზე, თითქოს „ქართულ ოცნებას“ წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების მიერ გამართულ აქციაში, ვისაც თავზე გადაუარეს, მათი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა. ეს განაპირობებს, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს და ამას სჭირდება უფრო მკაფიო პასუხი, არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქის, ამას სჭირდება პრეზიდენტის პასუხი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე