მიხეილ ჯანელიძემ და ილჰამ ალიევმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები შეაჯერეს

საქართველო, თბილისი - 12:45 | 07.03.2016
ნანახია: 1212

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.
მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ბაქოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

მხარეებმა  განიხილეს  ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები ორი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენის მიზნით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-სუფსის პროექტის ინაუგურაციის 20 წლისთავი, რომელიც წელს აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს ამ პროექტის მნიშვნელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მათ ჩართულობას გლობალურ პროექტებში.

მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეა მინისტრთან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე