ვერაფერს მოვუწოდებ, ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 13:13 | 23.12.2022
ნანახია: 200

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესების გაჭიანურება არაფრით არ შეიძლება.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

„არ ვიცი, ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, პრეზიდენტია. ვერაფერს მოვუწოდებ. პრეზიდენტი ის არის, იცის თავისი უფლებები, მოვალეობები და თავისი მორალი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია სააკაშვილზე.

„უკრაინა ძალიან გააქტიურდა. უკრაინულ არხზე იყო სიუჟეტი ჩემს შვილზე. ესე იგი, მთელი მსოფლიოს ყურადღება არის ჩემს შვილზე. უკრაინულ ენაზე უნდოდა მიემართა თავისი თანამოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, ჩემი შვილი დღეს არის უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობა მას არ აქვს. იმის მეოთხედი არ გაუკეთებია უკრაინაში, რაც აქ გააკეთა, მაგრამ რა შედეგიც მივიღეთ, ხედავთ. ისინი უფასებენ და ზელენსკის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. განცხადების გარეშეც, მე ვიცი, რომ ზელენსკი მუდმივად ამაზე ფიქრობს და ზრუნავს, სხვა დანარჩენი თანამდებობის პირებიც უკრაინაში. არაფერს არ ველოდები, როცა დავინახავ შედეგს, მხოლოდ შემდეგ შემიძლია, რაღაცაზე ვილაპარაკო. ყველაფრის იმედი მაქვს, მაგრამ ვიდრე არ დავინახავ შედეგს, ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე