გონივრულ ვადაში ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა. დრო არ ითმენს, სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 17:13 | 22.12.2022
ნანახია: 225

გონივრულ ვადაში ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა. დრო არ ითმენს, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დარწმუნდებიან, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, ყველა მხარე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„სააკაშვილის სიცოცხლით და სიკვდილით თამაში სახელმწიფოს მომავლის ბედდთან თამაშია. სამწუხაროდ, სახელმწიფოებრიობის უბედობა განისაზღვრა 90-იან წლებში, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს. ყველანი დავზიანდით და სახელმწიფომ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ამიტომ ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას კიდევ უფრო ჩამორჩენილ სახელმწიფოს არ დაუტოვებს. სააკაშვილის მკვლელობა ნიშნავს ამ სახელმწიფოს დეგრადაციას მომდევნო სულ მცირე ათი წლის განმავლობაში. როდესაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, ეს იქნება კრიტიკულზე კრიტიკული ნიშნული და უკვე ყველა მხარე, იქნება ეს დაცვის მხარე, ოჯახი, ოპოზიციური პარტია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გონივრულ ვადაში ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა. დრო არ ითმენს, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომელიც შესაძლებელია, თვეების განმავლობაში დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რაც დღეს მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ იხილა. ლოგიკურად შესაძლებელია, წლის ბოლომდე დაასრულონ საქმის განხილვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე