სააკაშვილმა დაამკვიდრა მკვლელობები, ჩაგვრა... ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 23:00 | 20.12.2022
ნანახია: 258

სტრასბურგის გადაწყვეტილებები ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის და მის გუნდს ვუსურვო წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შედეგად.

უნდა შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და საბედნიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ესა თუ ის ადამიანი მისი ახლო გარემოცვის წევრი არ იქნებოდა, ყველა იყო მსხვერპლი დიდი უსამართლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის. ამას მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები და რეალურად ის ციფრები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი“, - თქვა წულუკიანმა.

19 დეკემბერს უკრაინნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირი ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე