მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:39 | 20.12.2022
ნანახია: 189

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება.

„ამ საკითხში მის ჩართულობას მივესალმები. წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რამდენად რთულია სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობას ვუხდი ზელენსკის, რომ ამ თემაზე განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათი განცხადებები არაადამიანობის დამადასტურებელია. მათთვის პრობლემა არც ადამიანის ჯანმრთელობაა, არც ის, რომ პრეზიდენტი ციხეშია და მისი მდგომარეობა შეიძლება, დამძიმდეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება. თუ ასე წავალთ, მაშინ ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეიძლება მიიჩნიონ, რუსეთის ქმედებების გარდა. ირაკლი კობახიძემ დღისით მზისით თქვა, რომ რუსეთი მტერი არ არის. კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი რატომ არ არის, ეს რა არის?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე