სულ არ მიკვირს, რომ იცვლის დამოკიდებულებას. საერთოდ, იმედი მაქვს, რაღაც უნდა მოხდეს - გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილზე

საქართველო, თბილისი - 13:40 | 19.12.2022
ნანახია: 263

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ თავისი შვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლო მოწამვლაზე ეჭვი, პირველად თავად სააკაშვილს გაუჩნდა.

„პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა. თქვა, ნამდვილად მოწამვლაა – აბა, რატომ მაქვს ეს, რატომ მაქვს ის. მართალი გითხრათ, მე სერიოზულად არ შემიხედავს. ჯერ მეთვრამეტეში იყო, შემდეგ გლდანში, გორში, სად მოხდა, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის საკითხია. მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს“.

გიული ალასანიას თქმით, მოაზროვნე ადამიანები ხშირად იცვლიან აზრებს, რის გამოც არ უკვირს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტი დამოკიდებულებას იცვლის.

„მოაზროვნე ადამიანებს სჩვევიათ, იცვლიან აზრს დამატებითი ინფორმაციების მიღების შემდეგ. სულ არ მიკვირს, რომ იცვლის დამოკიდებულებას. საერთოდ, იმედი მაქვს, რაღაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე