უნდა გავაცნობიეროთ, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლეს, რამაც სახელმწიფო მრავალი წლით დაწია განვითარების გზიდან. ამიტომ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა - მელია

საქართველო, თბილისი - 13:10 | 14.12.2022
ნანახია: 210

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოკლეს და ამან სახელმწიფო მრავალი წლით დაწია განვითარების გზიდან. ამიტომ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის პრობლემის ფარგლებს და ეს ყველას პრობლემაა.

„სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანის ტყვეობაში ყოფნა ერთი წლის განმავლობაში. სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანისთვის, თუნდაც ტყვეობაში მყოფი ადამიანისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებების ჩამორთმევა. ამ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო ზარის უფლებაც არ ჰქონდა. სასამართლო პროცესზეც კი არ მოჰყავთ, არ რთავენ დისტანციურად, მეტი რა არის, რაც შეუძლიათ, გაუკეთონ ტყვეობაში მყოფ ადამიანს და პარალელურად, გქონდეს ეს მასკარადი სასამართლო პროცესის სახით. ნაკლებად გითქვამთ თქვენც, თქვენს მაყურებლებსაც რომელი ხელისუფლების პირობებში მოკლეს ზვიად გამსახურდია. სახელმწიფომ, ახალმა თაობებმა, მომავალმა თაობებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოკლეს და ამან სახელმწიფო მრავალი წლით დაწია განვითარების გზიდან. ამიტომ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას ამოცანაა, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, თუ სხვა ოპოზიციური პარტიის ან თუნდაც „ოცნების“, თუ დარჩა გააზრებული ამომრჩეველი, რომლისთვისაც სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვანია. ჩვენ, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, პრობლემის ფარგლებს. ეს ყველას პრობლემაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურადაც არ ჩართეს - "პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს  მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა" - წაიკითხა მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი.

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრისთვის გადაიდო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე