მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლებაში - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 12:58 | 13.12.2022
ნანახია: 170

თავიდანვე ვამბობდი, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს. იქიდან გამომდინარე, რომ 12-პუნქტიანი გეგმა აგებული იყო კონსენსუსზე და ყველა მოგვიწოდებდა, რომ თქვენ ეს პუნქტები კონსენსუსის შედეგად უნდა შეასრულოთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი ტიპის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლებაში და ევროპარლამენტის დოკუმენტში „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ რაღაც ტიპის დათმობები წერია.

„სახალხო დამცველთან შეთანხმების პროცესი ამიტომ იწელება, რომ ფიზიკურად უხერხული გამოდის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის დროს რაღაცაზე შეთანხმდნენ.​ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი ტიპის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში და რაღაც თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ რაღაც ტიპის დათმობები წერია ევროპარლამენტის დოკუმენტში. ეს ვიდრე არ დაიდება, მხოლოდ ჯანდაცვის არგუმენტით ლაპარაკი, მიუხედავად დიდი პატივისცემის ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ არგუმენტით ლაპარაკობს, არ მგონია საკმარისი ამ პროცესის წარმატებით დასაძლევად.

პირველ რიგში, ჯერ მართლა უნდა გვინდოდეს ევროინტეგრაცია და ეს თუ გვინდა, მერე უნდა ვიქცეოდეთ შედარებით ევროპულად. სულ მცირე, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე